25 ივნისი 2018,   00:11
ვრცლად
ამის შემდეგ გვეტყვიან, თმა 10 სმ-ის სიმაღლეზე კი არ უნდა დაიტოვო, არამედ 20-ზეო და ა.შ. - სალაძე ხელოვნების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება

კანონპროექტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა, იურისტები განმარტავენ.

საია-ის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე, ამბობს, რომ, თუ ეს ნორმა ძალაში შევა, მაგალითად, ლია უკლებას ნახატი „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ გაქრება საზოგადოების თვალთახედვიდან.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს ამ კანონპროექტის მიხედვით შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნებისმიერი ნაწარმოების აკრძალვა და ავტორმა უნდა ამტკიცოს, რომ მისი მიზანი სხვადასხვა გრძნობების  შეურაცხყოფა არ ყოფილა.

სულხან სალაძე პრობლემას ხედავს მოსამართლეთა კომპეტენციაშიც.

„ამ ქვეყანაში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც ხელოვნებასთან დაკავშირებით იმსჯელებს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ის ამტკიცებს, რომ ეს "ცენზურისკენ მიმავალი გზაა და არა ხელოვნების თავისუფლებისკენ". 

სულხან სალაძე აცხადებს, რომ ამის შემდეგ შეიძლება, შემდეგი ნაბიჯი იყოს შემდეგი მოთხოვნები - "ამის შემდეგ გვეტყვიან, თქვენ ორშაბათს კი არა სამშაბათს უნდა გამოხვიდეთ. თმა 10 სმ-ის სიმაღლეზე კი არ უნდა დაიტოვო, არამედ 20-ზეო. შემდეგი ნაბიჯები იქნება უარესი". 

ამავე თემაზე
დღის ამბები