23 ოქტომბერი 2018,   21:21
ვრცლად
სამართლებრივ და საკანონმდებლო თაღლითობასავით არის, როცა ამ კანონს ამართლებენ კონსტიტუციით - ლიკა საჯაია მმართველი გუნდის ინიციატივაზე

„არ ვიცი, რა დავარქვა, სამართლებრივ და საკანონმდებლო თაღლითობასავით არის, როცა ამ კანონს ამართლებენ კონსტიტუციით იმიტომ, რომ იმ კონსტიტუციაში წერია აბსოლუტურად სხვა რამ,“ - ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ, გააკეთა.

არჩევანის ეთერში ლიკა საჯაია მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.

საჯაიას თქმით, კონსტიტუციის აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებს, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება შეიძლება, აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ ის სხვის უფლებებს ლახავს.

„პირველ რიგში, იგულისხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლება, იგულისხმება კონტრაფაქციული ნაწარმოები, იგულისხმება პლაგიატის შემთხვევაში, თუ ვინმემ მოიპარა ნაწარმოები ან უნებართვოდ დაბეჭდა, პირველ რიგში, იგულისხმება საავტორო უფლებები და ამ მიზნით შეიძლება, აიკრძალოს ნაწარმოები და ასევე, თუკი კონკრეტული პირი მიიჩნევს, რომ შეილახა მისი პირადი უფლება, მაგალითად, პირადი ცხოვრების უფლება,“ - განაცხადა საჯაიამ.

ლიკა საჯაიას განცხადებით, დღევანდელი ინიციატივით, „მკვდარი ნორმის“ გააქტიურება ხდება და კონკრეტული მექანიზმი ჩნდება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებთან კავშირში არ არის.

ლიკა საჯაიას თქმით, თუკი პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მის კონსტიტუციურობაზე მოუწევს მსჯელობა და ასევე, ევროსასამართლომდეც შეიძლება მივიდეს ეს საქმე.

მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები