25 ივნისი 2018,   00:11
ვრცლად
„დავიწყებთ მტკიცე და რადიკალურ სამოქალაქო პროტესტს“ - "ღია პლატფორმის" წარმომადგენლები მოზარდების მკვლელობის საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა აქციებს აანონსებს. ზაზა სარალიძემ საქმის მასალები "ღია პლატფორმის" წარმომადგენლებს გააცნო.

სარალიძე ამბობს, რომ გავლენიანი მფარველების გამო, გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. სარალიძის თქმით, პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდლობს. ოპოზიცია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას მხარდაჭერას უცხადებს და აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.

ზაზა სარალიძემ საქმის მასალები "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს გააცნო. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ საქმეზე საზოგადოების ერთობაა საჭირო, რადგან დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

„იცის სახელობითად  მკვლელები საკუთარი შვილის და ამ მკვლელებს არ სჯიან, არ სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია ერთ-ერთი, ბატონი მირზა სუბელიანის, რადგან ამ საქმეს არ დაანება თავი, დღეს, როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა უთვალთვალოს და აშანტაჟოს და ადამიანს დიახაც, სჭირდება დახმარება და გვერდში დგომა და არამხოლოდ პოლიტიკოსების, ახლა სამოქალაქო ერთობაა საჭირო,“-აცხადებს ნიკა მელია.

ედპ-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა, როცა დამნაშავეების დასჯის ნება სახელმწიფოს მათი გავლენიანი მფარველების გამო არ აქვს.

„მას უნდა დასჯილი იყოს ის ადამიანები, ვინც არიან დამნაშავეები მისი შვილის მკვლელობაში. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა,  როდესაც შესაძლებელია ადამიანს შვილი მოუკლან  და მთელი სისტემა მას დაეჯახოს იმიტომ რომ ვიღაცას ხელს აფარებენ პროკურატურაში,“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ ზაზა სარალიძე სამართლის აღსრულებას იმიტომაც ითხოვს, რომ არ სურს „ბავშვებმა ერთმანეთი დახოცონ და პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს“. მალაშხიას თქმით, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებით ხელისუფლება მოზარდებს სწორედ ამისკენ აქეზებს.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი გამოტანილი გადაწყვეტილება არ იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უჯრაში დარჩება, არამედ მას საზოგადოება და მთელი პოლიტიკური სპექტრი გააკონტროლებს.

„დავიწყებთ მტკიცე და რადიკალურ სამოქალაქო პროტესტს“-აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე.

მისი თქმით, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ოპოზიცია მზად არის დაიწყოს საპროტესტო აქციები, რათა აღსრულდეს სამართალი და „მეორედ არ მოკლან ის ბავშვები“.

დღის ამბები