20 აპრილი 2024,   01:49
ვრცლად
პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების დედნები და დღემდე უცნობი მასალა ლევილიდან - ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების დედნები და დღემდე უცნობი მასალა ლევილიდან - იუსტიციის მინისტრმა ეროვნულ არქივში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა.

ექსპოზიციაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და კინომასალები, გამოცემული წიგნები და პერიოდული გამოცემები არის წარმოდგენილი.

„მართლაც უნიკალური გამოფენაა, აქ თქვენ ნახავთ ჩვენს მაშინდელ გერბს, დროშას, ნახავთ ძალიან ბევრ ფოტოს და საარქივო მასალას, რომელიც აჩვენებს ჩვენი დამფუძნებელი პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეების ძალიან დიდ შრომას იმ რთულ პერიოდში, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ, 100 წლის წინ გვქონდა ევროპული სახელმწიფო,“ - განაცხადა მინისტრმა.

ასევე, ექსპოზიციაზე გამოტანილია დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს მოქალაქეების დღემდე უცნობი მასალები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობას ასახავს, იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ნოე ჟორდანიას ბიუსტი და სხვა უნიკალური ექსპონატები.

ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ ბერიშვილი გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა და, ზოგადად, ეს დღეები, რადგან ეს საქართველოს ისტორიაა. ქვეყნისა, რომელიც წლების განმავლობა სრულ კოლაფსში იმყოფებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორია ბრუნდება და ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება. წიგნი, რომელიც ნოე რამიშვილის და ნოე ჟორდანიას შესახებ გამოვიდა არის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა მკვლევარებისთვის და უნივერსიტეტებისთვის, რათა შექმნან ისტორია რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით,“ - განაცხადა ბერიშვილმა.

გამოფენას ეროვნულ არქივი 14 ივნისამდე უმასპინძლებს.

დღის ამბები