25 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
გრუ-ს გენერალი უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტია

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსული სამხედრო დაზვერვის გენერლის, ანდრეი ლაპტევის კვალს მიაგნო. ის 2006 წლიდან 2008 წლამდე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სწორედ ლაპტევის გადატანილი იყო უკრაინის ტერიტორიაზე ბუკის დანადგარი, რომლითაც პრორუსმა სეპარატისტებმა მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოგადეს.

2014 წლის ივლისში ავიაკატასტროფას 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. 

ირკვევა, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის გენერალი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით მოქმედებდა. საგამოძიებო ჟურნალისტების დასკვნაში სამხედრო მაღალჩინოსანი ოლეგ ივანიკოვის სახელით ფიგურირებს. 

2004 წლიდან ის მოსკოვმა სპეციალური მისიით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გააგზავნა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის ქართველების სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელობდა

ლაპტევი განსაკუთრებით 2007 წლიდან გააქტიურდა, როდესაც ცხინვალიდან სეპარატისტები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ, მაშინ ლაპტევი პირიქით, ქართველ სამართალდამცველებს ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებდა.

"გრუს" გენერალი ოკუპირებულ ცხინვალში კამერების წინ იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა აგვისტოს ომის წინ საოკუპაციო რეჟიმის მთავარი დასაყრდენი იყო. „რადიო თავისუფლებამ“ 2012 ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ ერთი ინტერვიუ გაავრცელა. დავით სანაკოევი მაშინ წერდა, რომ ლაპტევი იყო ადამიანი, რომელმაც ოკუპირებულ ქართულ რეგიონში სეპარატისტული არმია შექმნა.

მოგვიანებით ლაპტევი ცხინვალის ნაცვლად, ახალი მისიით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში აღმოჩნდა, სადაც პრორუს სეპარატისტებს წვრთნიდა და უკრაინული არმიის წინააღდეგ იბრძოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები