დონალდ ტრამპი ელის, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი სამიტი კვლავ გაიმართება. განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კიმ ჩენ ინსა და მუნ ჩჟე ინს შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდა. ლიდერებმა 27 აპრილის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებისა და დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ბოლო დღეებში შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ის მზადაა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ მოლაპარაკება გამართოს.