19 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
ხორავას ქუჩის ტრაგედია - რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რიგითი ადამიანების გარდა, პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

აქციაზე იმყოფებიან როგორც საპარალამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. მათ კითხვები სწორედ გამოძიების მიმდინარეობასთან აქვთ. რუსთაველის გამზირზე მივიდა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც

„უნდობლობა, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურებთან არსებობს, არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა არის რა თქმა უნდა, საქმეში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, რომელზეც ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც საუბრობენ და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მეც ვარ ჩართული და მაქვს გარკვეული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადოს სარალიძეს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც გახდნენ მსხვერპლი ასეთი პოლიტიკის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილიც.

„სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა ზაზა სარალიძეს, რომ მიემართა საზოგადოებისთვის და საზოგადოების მხარდაჭერა მოეთხოვა. ახლა საზოგადოება უნდა დაუდგეს გვერდით,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

„ეს არ არის მხოლოდ ამ ახალგაზრდების ტრაგედია, აქ არის მაჩალიკაშვილის მამა, ძალიან ბევრი საქმე რომელიც ხდება ბოლო პერიოდში. პროკურატურა, მთლიანად ხელისუფლება გადასულია დანაშაულის ხელის დაფარებაზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ფრაქცია „ევროპული საქართველოს - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

დღის ამბები