19 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
პროკურატურამ უნდა შეისწავლოს თანაინვესტირების ფონდის თანხების წარმომავლობა - ენმ 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ქართული ოცნების" დეპუტატის, შოთა შალელაშვილის საქმიანობის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების და უპირველესად თანაინვესტირების ფონდის შესწავლის ინიციატივით გამოდის. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ შალელაშვილთან დაკავშირებული სკანდალი ადასტურებს, რომ შესაძლოა ამ ფონდს კრიმინალური გზით მოპოვებული ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.

„დეპუტატ შალელაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებული არიან სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებრივ ჯგუფთან რომელთა მიმართ ამერიკის მთავრობას აქვს სერიოზული ბრალდებები. ფაქტია, რომ შალელაშვილის საქმიანობა ბურუსით არის მოცული და სწორედ ივანიშვილი პარტნიორობას უკავშირდება. არის სერიოზული ეჭვი,რომ საერთაშორისო ფინანსური დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების  გარეცხვა ხდება საქართველოში და ამ გზით კომპანიების დაარსება.

ამიტომ საქართველოს პროკურატურამ პირველ რიგში უნდა გამოიძიოს ამ თანხების წარმომავლობა, მათ შორის თანაინვესტირების ფონდის თანხების წარმომავლობაც  და სერიოზული დოკუმენტები უნდა მიაწოდოს ამერიკის მთავრობას შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი, იგივე გარი შალონი (გაბრიელ შალელაშვილი) იმ ჰაკერული შეტევის მთავარ ორგანიზატორად მოიაზრება, რომლის შედეგადაც ამერიკული ბანკებიდან 100 მილიონამდე მომხმარებლის საბანკო მონაცემები მოიპარეს და მილიარდობით დოლარი მიითვისეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, შვილის მიერ ჰაკერული თავდასხმისას მოპარულ 2 მილიარდს, საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს

შოთა შალელაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ ისაუბრებს.

დღის ამბები