24 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს 

სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - საკითხს დღეს პარლამენტში მწვავე განცხადებების და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე განიხილავდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ისმოდა კითხვა, რა უნდა გაკეთდეს სირიის გადაწყვეტილების შემდეგ და როგორი უნდა იყოს მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებდა ბრალს, მმართველი გუნდი კი დიპლომატიური მარცხის მიუხედავად, იუმორის ხასიათზე იყო.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია არიან, რომ თუ ხელისუფლება არ იაქტიურებს, აღიარების ახალი ტალღის წამოწყების შემთხვევაში, ეს ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება.

ოპოზიციური პარტიებისთვის გაუგებარია როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ აღიარების შესაძლო ახალი ტალღის აცილებას, თუ ქვეყნისთვის სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება ხელისუფლებამ მედიისგან შეიტყო. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოჩნდა და იმ სამუშაოს გაგრძელება დააანონსა, რომლის შედეგებიც ოპონენტებმა დიპლომატიურ მარცხად უკვე შეაფასეს.

მმართველი გუნდი სირიის აღიარების საკითხზე სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, ოპოზიციას კი ხელისუფლებასთან მძიმე კითხვები აქვს.

მივა თუ არა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები