24 აპრილი 2019,   15:03
ვრცლად
ვინ მოკლა დავით სარალიძე - საზოგადოება კითხვაზე პასუხის ელოდება და ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს 

მოკლული მოზარდის ოჯახთან ერთად მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება საზოგადოება - ზაზა სარალიძის გვერდით ათასობით ადამიანი დგას.

პროკურატურასთან აქციაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის ოჯახი, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები.

საქართველოს პირველი ლედი ზაზა სარალიძისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად დღეს დუშეთიდან ჩამოვიდა. აქციას დღეს დილიდან შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტის შვილი.

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ შვილმკვდარ მამას სისტემა დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებამ ის მარტო არ უნდა დატოვოს.

თბილისის ცენტრში მომხდარმა ტრაგედიამ და 6 თვიანმა გამოძიებამ, რომელმაც მოზარდების მკვლელების ვინაობა ვერ დააგინა, ერთნაირად შეძრა საზოგადოება.

მწერალი ზვიად რატიანის აზრით, სიმართლის დასადგენად საზოგადოების სოლიდარობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

მწერალი, ლაშა ბუღაძე „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლების შეცდომებს ახსენებს. თვლის, რომ სისტემა ახლა ერთი ტრაგიკული ადამიანის გაჭყლეტას ცდილობს, თუმცა მას ეს ძვირად დაუჯდება.

პროკურატურის წინ მიმდინარე აქციას დღეს ანა სუბელიანიც შეუერთდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კლუბებში განხორცილებული სპეცოპერაციების შედეგად დაწყებული პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო.

ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს დღეს არასამთავრობო სექტორის წევრებმა, სტუდენტებმა. საზოგადოება ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავეების ადეკვატურ დასჯას ითხოვს.

დღის ამბები