17 ივლისი 2019,   07:39
ვრცლად
ვინ მოკლა დავით სარალიძე - სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად შვილმკვდარ ოჯახს პასუხი ისევ არ აქვს

ვინ მოკლა 16 წლის მოზარდი და ვინ უნდა აგოს პასუხი სასტიკ დანაშაულზე - მთავარ კითხვებზე პასუხი შვილმკვდარ მამას არ აქვს. 16 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი სარალიძის ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, მეორეს კი კვალიფიკაცია შეუცვალა და მსჯავრს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაადებს. 

პასუხის მისაღებად შვილ მკვდარი მამა სასამართლოდან პროკურატურისკენ წავიდა. თავდაპირველად, მას პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვაც სურდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სისტემის მიმართ აქვს პრეტენზია დაზარალებული სარალიძის ადვოკატს. მისი მტკიცებით, მკვლელობის დღიდან პროკურატურა მტკიცებულებების გაყალბებით იყო დაკავებული, დღევანდელი განაჩენით კი დადასტურდა რომ საქმეში არსებობენ სხვა დამნაშავეები, რომლებსაც გავლენიანი პირები მფარველობენ.

ექსპერტიზის დასკვნებით, დადასტურებულია, რომ დავით სარალიძეს 12 ჭრილობა ჰქონდა, რომელთან 5 შემავალი და სასიკვდილო იყო. დღემდე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ამდენი დაზიანება არასრულწლოვანს მხოლოდ ორმა ბრალდებულმა მიაყენა.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა ჩიხიდან გამოსვლას მხოლოდ რეალური დამნაშავეების დასჯით შეძლებს. ისინი საქმეში მონაწილე პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ხელი შეუწყვეს საქმის გაყალბებას. ერთ-ერთი ბრალდებულის იურისტები რომელსაც სასამართლომ დანაშაულის კვალიფიკაცია შეუცვალა, არც მოსამართლის განაჩენს ეთანხმებიან.

განაჩენს არ ეთანხმება მეორე ბრალდებულის ადვოკატიც, რომელიც მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო და მსჯავრს მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის დასდებს.

სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ელოდება სახელმწიფო ბრალდებაც. თუმცა უკვე ამბობენ, რომ მოსამართლე არეშიძის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით აუცილებლად გაასაჩივრებენ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მხოლოდ განაჩენის ნაწილი გააცნო. სასამართლო სხდომა 1 ივნისს ჩაინიშნა. 

 

დღის ამბები