23 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
ირაკლი შოთაძე შესაძლოა ვანო ზარდიაშვილმა შეცვალოს - „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა დაიწყო

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო ახალ მთავარ პროკურორზე მსჯელობა. ამ წუთებში მოვალეობას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე ასრულებს.

მმართველ გუნდში უკვე პირველი კანდიდატურაც დასახელდა, ეს არის უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.

მმართველი პარტიის წევრების უმრავლესობა საჯაროდ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით მიესალმება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს და აჩვენებს, რომ არსებობს ხარვეზი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერჯერობით, მთავარი პროკურორობის კანდიდატურაზე მსჯელობა არ დაწყებულა.

„ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამაზე დაიწყება მსჯელობა მას შემდეგ, რაც დავლაგდებით და სწორ ფორმატს შევიმუშავებთ ამ საქმისთვის ნათელის მოფენისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი მაღალი ნდობის მატარებელი უნდა იყოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს.

უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურაზე არ უმსჯელიათ.

აქცია პროკურატურასთან დღეს დილიდან იმართება. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო. ირაკლი შოთაძემ, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები