18 ოქტომბერი 2019,   01:56
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - მოსამართლის განაჩენს ბრალდების და დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით ყველა მხარე უკმაყოფილოა. მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებით პირდაპირ მიანიშნა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი.

პროკურატურის წარმომადგენლები ღიად აპროტესტებენ მოსამართლის მიერ კვალიფიკაციის შეცვლას და სასჯელის დადგენილ ზომას.

განაჩენს აპროტესტებენ ბრალდებულთა ადვოკატებიც. ბრალდების მხარის მსგავსად ისინიც სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ საქმის გასაჩივრებას.

ზედა ინსტანციას მიმართავენ დაზარალებულებიც, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ზაზა სარალიძე მართლმსაჯულების სისტემას აღარ ენდობა - ეკა არეშიძის გადაწყვეტილების შემდეგ მოკლული შვილის მამა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩაში აქციებს მართავს.

მოსამართლე ეკა არეშიძემ დაკავებული ორივე არასრულწლოვანი დამნაშავეებად ცნო, თუმცა არა იმ კვალიფიკაციით, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

მოსამართლემ ორივე განსასჯელი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გაამართლა, თუმცა მათ მსჯავრი სხვა ნაწილში დასდო. მხოლოდ სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს კვალიფიკაცია შეუცვალა და საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 16 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯა.

მეორე ბრალდებულს კი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ დანიშნულ სასჯელზე არ უსაუბრია მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას. დაზარალებულმა მედიასთან მხოლოდ ხორავას ქუჩის ტრაგედია შეაფასა და განაცხადა, რომ ამ ტრაგედიას დამნაშავე არ ჰყავს და ყველა დაზარალებულია.

მოსამართლე ეკა არეშიძის დასაბუთებული განაჩენი მხარეებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. რის შემდეგაც ორივე მხარე სააპელაციო სასამართლოსთვის მზადებას დაიწყებს.

დღის ამბები