20 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
მასშტაბური პროტესტის მესამე დღე - მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

ნუ მომკლავ! - მასშტაბური პროტესტის მესამე დღეს პარლამენტის მოედანზე შეკრებილები ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ. მოქალაქეები სამართლიანობის აღდგენას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ბოლო დროის ყველაზე მაშტაბურ საპროტესტო აქციებზე სიტყვით ისევ მხოლოდ ხალხი გამოდის. ისინი ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ ქვეყანაში სამართალი დაკარგა და ამიტომ, დუმილის ნაცვლად, მოქმედების დროა.

სტუდენტები მსახიობები და რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები აქციის მონაწილეებს საკუთარ ისტორიას უყვებიან.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან წასვლით სისტემა არ შეცვლილა. ისინი აცხადებენ, რომ თავად წარუდგენენ პარლამენტს პროკურორობის კანდიდატს.

დღეს ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელა, რომელმაც ასევე, მზადყოფნა გამოთქვა თანამდებობის დაკავების შესახებ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ თუნდაც ოპოზიციამ წარადგინოს მთავარი პროკურორის კანდიდატად კონკრეტული პირი, ეს შექმნილ მდგომარეობას ვერ შეცვლის და სისტემური ცვლილებები აუცილებელია.

„მაშინ, როცა ყველაზე მეტად გამწვავდა, საზოგადოებამ აჩვენა ხელისუფლებას თავისი ძალა, მაშინ დაფაცურდა ხელისუფლება და გადააყენეს მთავარი პროკურორი, შექმნეს საგამოძიებო კომისია... საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება, ახალი მთავარი პროკურორის წარმოდგენა იქნება, თუნდაც, ოპოზიციიდან, ბუნებრივია, არსებულ შექმნილ სისტემას ვერ შეცვლის იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილებები,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, გიორგი ტუღუში, აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა ისეთი მთავარი პროკურორი დაინიშნოს, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს.

„ჩვენ მომხრე ვართ, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში დაინიშნოს პროკურორი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი, ამ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს პროკურორი, რომელიც დაინიშნება ივანიშვილის და ოცნების გავლენების გარეშე, ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცვლა და ყველა იმ ბეკეტის გამოყენება, რომ ამ ადამიანებს არ მოუხდეთ ქუჩაში დგომა,“ - განაცხადა ტუღუშმა.

დღის ამბები