20 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
კახა კოჟორიძე თბილისის მერიას გაფიცულ მემანქანეებთან დიალოგისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე მეტროს მემანქანეების გაფიცვას ეხმაურება. კახა კოჟორიძის თქმით, მეტროს მემანქანეებთან შეხვედრის დროს მათი პრობლემები მოისმინა და მოთხოვნებს გაეცნო.

კახა კოჟორიძის თქმით, მემანქანეები ხელფასის გაზრდას 2014 წლიდან მოითხოვენ. კოჟორიძის განცხადებით, 2017 წელს ხელფასების გაზრდის კუთხით დადებული ხელშეკრულების გადახედვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, ეს დაპირება თბილისის მერიის მხრიდან არ შესრულებულა.

კახა კოჟორიძე თბილისის მერიის წარმომადგენლებს გაფიცულ მემანქანეებთან შეხვედრისკენ და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მათ აღნიშნეს, რომ 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა ტიპის შეთანხმება, მათ შორის, აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს, რომ 2016 წელს შედგა შეთანხმება, სადაც განისაზღვრა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ამ შეთანხმების გადახედვა ხელფასების გაზრდის კუთხით. თუმცა, ეს შეთანხმება დღემდე გაზრდის კუთხით არ მომხდარა და შესაბამისად, ამ ადამიანების პროტესტიც აქედან მომდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ მთელი რამდენიმე წლიანი პროცესის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადმოიდგას განსაკუთრებით ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მწვავე სიტუაციას დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მეტროპოლიტენი დღეს დილიდან გათიშულია. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, ისინი ხელფასის გაზრდას 45% ითხოვენ. მეტროს პარალიზების გამო, დედაქალაქის მერიამ უფასო ავტობუსები დანიშნა.

დღის ამბები