24 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
„მივმართავთ მთავრობას, გადააყენოს თეა წულუკიანი" - არასამთავრობოები იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.

მესამე სექტორი სისტემური პრობლემის ერთ-ერთ ავტორად სწორედ იუსტიციის მინისტრს ასახელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ, თეა წულუკიანი გადააყენონ.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მან ვერ გაართვა თავი ამ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი, თუკი ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციაში მასთან იმ პროცესში, რასაც მთავარი პროკურორის არჩევა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავრი პროკურორი აარჩიოს, ამიტომ, ჩვენ მას მაგიდასთან არ დავუჯდებით,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ადეკვატური არ არის.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში დაწყებული რეფორმები, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმა თეა წულუკიანის გამო შეფერხდა, ან საერთოდ ჩავარდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მთავრი პროკურორის შერჩევის პროცესში კითხვის ნიშნები და ხარვეზები არსებობს. მათთვის ამას ადასტურებს ის, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან გარკვეულმა არასამთავრობოებს ოფიციალური მიპატიჟება არ მიუღიათ.

„იუსტიციის სამინისტროს აქვს ხედვა, რომ მათთვის, მათი პოლიტიკური გემოვნებისთვის მიუღებელი ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ყოფილი ან მოქმედი ხელისუფლების პირებთან, არ მოხვდეს ამ სიაში. საუბარია „თავისუფალ უნივერსიტეტზე“, „ჯიპა-ზე“. ანალოგიურად შეგვიძლია, ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები