19 ივნისი 2019,   16:05
ვრცლად
არაკორექტულები, არაეთიკურები - გიორგი ვოლსკი მესამე სექტორის მიერ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, მთავარი პროკურორის შერჩევასა და იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მესამე სექტორის პოზიციას აკრიტიკებს.

გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა, თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით, არაეთიკურია.

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკურ პროცესში ჩართვას ცდილობენ, რაც მისთვის მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არასამთავრობოების უკმაყოფილებასაც ეხმაურება, როდესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანი, ირაკლი შოთაძის მიმართ დადებითი განცხადების  გაკეთების გამო, გააკრიტიკეს.

„პროკურატურის მიმართ მისი განცხადება არანაირად არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში და გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა დაიკაონ, რაშიც არაერთხელ არის შემჩნეულები არასამთავრობო ორგანიზაციები და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, არაკორექტულები, არაეთიკურები არიან და პროფესიონალურ ვალდებულებებსაც სერიოზულად არღვევენ ასეთი განცხადებებით,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები