19 ივნისი 2019,   21:55
ვრცლად
ხელისუფლებას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კითხვა დატოვოს ამ პროცესთან დაკავშირებით - ომბუდსმენი მთავარი პროკურორის შერჩევაზე

„ხელისუფლებას დღეს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე კითხვა დატოვოს ამ პროცესთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ახალი გენერალური პროკურორი  საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს.

ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლებამ უნდა სცადოს და მესამე სექტორის ნდობაც დაიმსახუროს მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის დროს. ნინო ლომჯარიას თქმით, თუ არასამთავრობოები არ იქნებიან ჩართულები შერჩევის პროცესში, მაშინ მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება.

„დღეს საჭიროა, რომ იყოს სრული ნდობა ამ პროცესის მიმართ, ჩართულობა მაქსიმალური, გამჭვირვალობა და გენერალური პროკურორი უნდა იყოს შერჩეული ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები და აღქმული, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, თუ თეა წულუკიანი იქნება იუსტიციის მინისტრი და ის უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, ისინი ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები