18 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა - ტატუნაშვილის ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს

თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომელშიც 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობაა აღწერილი.

დოკუმენტში წერია, რომ ჯარისკაცს ყველა დაზიანება სიცოცხლეში, ბლაგვი საგნის მრავალჯერადი გამოყენებით აქვს მიყენებული.

დოკუმენტში აღწერილ ფაქტებს ტატუნაშვილების ოჯახი ეთანხმება, მაგრამ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვებიც. მთავარი ეჭვები შუბლის არეში, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებულ დაზიანებას და ცხვირს უკავშირდება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხვირზე არსებული დაზიანებები, რომელიც ოჯახმა ცხედრის გადმოცემის შემდეგ აღმოაჩინა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი არ არის.

ცხინვალის იზოლატორში მოკლული ჯარისკაცის მამა ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ მის შვილს ორგანოების ნაწილი ამოაცალეს. გიორგი ტატუნაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხვდა რამდენიმე მკვეთრად გამოხატული დაზიანება სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნაში, მათ შორის შუბლის მიდამოში არსებული წრიული ნაჭდევიც, რომელიც მისი შეფასებით, საკონტროლო გასროლის კვალია.

სიტყვა "ნაწამები" სამხარაულის დასკვნაში ნახსენები არ არის, თუმცა, იურისტები ამბობენ, რომ აღწერილი დაზიანებების სიმრავლე და სიმძიმე ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს, ამბობს, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად ახლა კომისიური ექსპერტიზაა საჭირო.

იურისტის თქმით, ექსპერტიზას ნაკლოვანებები აქვს, რადგან მასში რამდენიმე დაზიანება საერთოდ არაა აღწერილი.

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის და გამოძიების ნაკლოვანებებზე საუბრობს ცენტრი ემპათიის ხელმძღვანელიც.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

 

 

დღის ამბები