25 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას ხვალ დაამტკიცებენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კონკრეტული მტკიცებულების მოკვლევას და მაღალჩინოსნების დაკითხვას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე, ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენინსპექციის ყოფილი უფროსი, მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორის ახალგაზრდის საქმეზე აუცილებლად გამოიკითხებიან.

საგამოძიებო კომისია უნდა დაადგინოს, რატომ ვერ გამოიძია სათანადოდ 6 თვის თავზე გენერალურმა პროკურატურამ ორის არასრულწლოვნის მკვლელობის საქმე და რამდენად უშლიდნენ ხელს გამოძიებას მაღალი თანამდებობის პირები.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხვალ ოფიციალურად გახდება მას შემდეგ, რაც საგანგებო სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიას და მის შემადგენლობას დაამტკიცებენ.

კომისიის მომავალმა თავმჯომარემ დღეს კომისიის სხდომაზე არც იუსტიციის მინისტრის დაბარება გამორიცხა.

პროკურატურის მისამართით ექნება კითხვები დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამ კომისიის წევრი იქნება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების აზრით, თვითმიზანია არა სკანდალი, არამედ შედეგი უნდა იყოს.

კომისიაში არ იქნება და არც მის შექმნის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა. მათ მიაჩნიათ, რომ კომისია, სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პროცესიც არის და მისი ნდობის მანდატი ამ ხელისუფლების პირობებში დაბალია.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ კომისიას სამი თვის ვადა აქვს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რეზონანსული საქმის გარემოებებს უფრო მალე დაადგენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები