20 ივნისი 2019,   10:13
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი - რუსეთის პატრიარქის ნდობით აღჭურვილი მიტროპოლიტი ილია II-სთან ჩამოვიდა

პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მღვდელმთავარი საქართველოს პატრიარქთან, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის განსახილველად ჩამოვიდა.

დღემდე უკრაინული ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, თუმცა, ორი თვის წინ უკრაინის რადამ მსოფლიო პატრიარქს მიმართა და დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა.

რაზე შეთანხმდნენ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი და ილია მეორე, ამის შესახებ განმარტებებს საპატრიარქო არ აკეთებს.

თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ილია მეორე ბოდბეში ქორეპისკოპოს იაკობთან ჩავიდა, თუმცა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღეს რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განმარტება არ გააკეთა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში კი პატრიარქის სამდივნომ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინული ეკლესია იყო.

კურიერთან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში კიევის პატრიარქი ამბობს, რომ ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, თუ თბილისი რუსეთის მოთხოვნას დასთანხმდება და უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის კირილის გავლენის ქვეშ არის.

თეოლოგების შეფასებით, რუსეთის საპატრიარქო საკუთარი გავლენებით ცდილობს, თანამოაზრეები მოიზიდოს და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა არ დაუშვას.

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია ბოლო 5 თვის განმავლობაში თბილისში მეორედ ჩამოვიდა. ვიზიტის დროს ილიარიონ ალფეევმა თბილისში რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, ჩამოიყვანა, რომელიც საქართველოში, მინიმუმ, ერთი წლის გამავლობაში დარჩება.

 

 

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, ნათია ჟამერაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები