25 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
შვილმკვდარი მამები ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების და მაჩალიკაშვილის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვენ - ოპოზიცია აქციის დეტალებზე შეთანხმდა

გაერთიანებული ოპოზიცია 10 ივნისს ერთობლივი, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის დეტალებზე შეთანხმდა.

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აქცია პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზაციულ ნაწილს „ლეიბორისტული“ პარტია უზრუნველყოფს. მიტინგის გამართვის ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას სწორედ “ლეიბორისტები“ მიმართავენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, შვილმკვდარი მამები ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 

„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკან დაუხეველი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით, პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის, ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა კვალის აბნევის სტრატეგია“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ გაერთიანდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, პირველ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე და ასევე პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათივე მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და ხელი დააფარა დამნაშავეებს.

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა არის ის მოთხოვნები, რომლებსაც აყენებს ბატონი სარალიძე და ბატონი მაჩალიკაშვილი. არც მეტი, არც ნაკლები, ანუ დაისაჯოს ყველა ის მკვლელი, რომელმაც მოუკლეს შვილი სარალიძეს და მოუკლეს შვილი მაჩალიკაშვილს და ყველა ის ადამიანი ,რომელმაც ხელი დააფარა მკვლელებს.
რა თქმა უნდა, სადაც ბატონი მაჩალიკაშვილია და სადაც ბატონი ზაზა სარალიძეა იქ უნდა იყოს მთელი საქართველო“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

ოპოზიციის განცხადებით, თუ 10 ივნისამდე დამნაშავეებს არ დასჯიან, აქციაზე სხვა მოთხოვნებიც გაჟღერდება.

ამ ეტაპზე უცნობია შეუერთდება თუ არა აქციას „ევროპული საქართველო“. „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ორი დღის წინ გამართულ კონსულტაციებზე, პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველო“ მას შემდეგ მიიღებს, რაც გაირკვევა, რომელი პარტია იქნება ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზატორი.

დღის ამბები