25 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა - დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის დამტკიცების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა.

17 კაციან კომისიაში უმრავლესობით - 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, “ქართულ ოცნებას“ კი კომისიაში ექვსი დეპუტატი ჰყავს.

სერგი კაპანაძე პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ კომისიასთან იმუშაოს.

„შევიდა ჩვენი უფლებამოსილება ძალაში. დღეს უკვე გაიგზავნება წერილები და ყველა შესაბამისი მასალა იქნება გამოთხოვილი, მასალის ნაწილი ადგილზე იქნება გაცნობილი. მინდა მივმართო ხელისუფლებას, კონკრეტულად მთავარი პროკურორის მოადგილის შემსრულებელს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ამ კომისიასთან მთელი სერიოზულობით იმუშაოს და ყველა ჩვენ მიერ მოთხოვნილ მასალას სერიოზულად მოეკიდოს, ყველანაირი ვადების გახანგრძლივების, გაწელვის გარეშე. საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ ამ კომისიას ჰქონდეს მუშაობის მოკლე ვადა და რომ ყველა ინფორმაცია მიწოდებული იყოს დროულად, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ არავის ექნება იმის ილუზია, რომ გაუვა ან ხელის შეშლა ჩვენთვის ან რაიმე ობსტრუქციის მოწყობა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის დამტკიცების შემდეგ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

„სახელმწიფოს ინტერესი მოსთხოვს, რომ ადამიანები თავიანთი წარსულით მოდიან, დღემდე მოვიდნენ და გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავთ. არ მგონია, რომ თითოეულ მათგანს არ ჰქონდეს განცდა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთონ და არ მარტო იმ ოჯახებისთვის, ვისთანაც ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდიდან კომისიის შემადგენლობაში არიან - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი. “ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მამუკა ჩიქოვანი.

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია ადა მარშანია. დროებითი საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაშია დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

დღის ამბები