24 ივლისი 2019,   13:49
ვრცლად
"ითქვა, რომ ქართულ მხარეს აქვს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მე ის არ მინახავს პრინციპში, არც მჭირდება" - კოჩიევი ტატუნაშვილის საქმეზე

6 საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ერგნეთში - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრა დღეს ისე დასრულდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებზე მსჯელობა ვერ მოხერხდა.

ქართული მხარე აპირებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების დასჯა მოეთხოვა, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ  ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ამ არგუმენტის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულების, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თარგმნა.

სეპარატისტულმა რეჟიმმა კი დოკუმენტის გარეშე, ზეპირსიტყვიერი მსჯელობა არ მოისურვა. როგორც რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, ის მხოლოდ იმ დასკვნას ენდობა, რომელიც მათ ჩაატარეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართულ მხარეს აქვს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მე ის არ მინახავს პრინციპში, არც მჭირდება, რადგან ჩვენ ჩვენი დასკვნა გვაქვს , სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი როგორც ქართული მედიის პუბლიკაციიდან გავიგე ისინი ადასტურებენ დაზიანების აღწერას, რომელიც მოცემულია სამხრეთ ოსეთის დასკვნაში.  

ვერ გეტყვით შემიძლია ვენდო თუ არა ქართული მხარის ექსპერტიზის დასკვნას, რადგან პირველი - ის მე არ მინახავს და მეორე არ მაქვს საფუძველი გადავამოწმო სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ბოლომდე ვენდობი“-აცხადებს ეგორ კოჩიევი.

დღის ამბები