19 აპრილი 2024,   06:07
ვრცლად
ტატუნაშვილის საქმეზე მსჯელობა ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა - ქართულმა მხარემ მტკიცებულებების თარგმანის წარდგენა ვერ შეძლო 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოუმზადებლები ჩავიდნენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მზაობას, დოკუმენტებზე დაყრდნობით განეხილათ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმე თბილისმა ვერაფრით უპასუხა. ქართულ დელეგაციას სამხარაულის ბიუროს დასკვნის ინგლისურ ან რუსულ ენაზე თარგმნილი ასლი არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის საქმის განხილვა ჩაიშალა.

რატომ არ თარგმნა ოფიციალურმა თბილისმა სამხარაულის ექპერტიზის დოკუმენტი და მთავარი მტკიცებულება უცნობი დარჩა. ქართულ მხარეს ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი არც წინა შეხვედრაზე ჰქონდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ეგორ კოჩიევი კი ამბობს, რომ ის მხოლოდ საკუთარ ექსპერტიზას ეყრდნობა, მით უმეტეს, მაშინ როცა, ქართულ მხარეს ალტერნატიული დოკუმენტიც კი არ წარუდგენია.

ქართულმა მხარემ დღესვე არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა ისევ უშედეგოდ მოითხოვა.

არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დამცველის სტატუსით ერგნეთის შეხვედრაზე დასწრება მოითხოვა ყოფილმა სახალხო დამცველმა. თუმცა, ის მოლაპარაკებებზე არ დაუშვეს, ნანუაშვილს განუმარტეს, რომ შეხვედრების მონაწილეების სია თითქმის ერთი თვით ადრე თანხმდება.

უშედეგო შეხვედრას დღეს ოპოზიცია გამოეხმაურა. პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმე მოსკოვზე მუდმივი ზეწოლისთვის უნდა გამოიყენოს და ყველა საერთაშორისო შეხვედრისას უნდა გააჟღეროს.

ერგნეთში კი მორგი შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში ჩაინიშნა.

დღის ამბები