18 ივლისი 2019,   20:17
ვრცლად
აქცია და პროტესტი ზესტაფონში - მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ და კახა მახათაძის გადადგომა მოითხოვეს. პროტესტს „პატრიოტთა ალიანსის“ ზესტაფონის საკრებულოს წევრი, გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი - კახა მახათაძე უფლებამოსილებას სათანადოდ არ ასრულებს და ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერს სასამართლომ ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება დაავალა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

მათივე განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე თანამდებობაზე დანიშნულია ყალბი დიპლომით.

მოქალაქეების ბრალდებებს ზესტაფონის მერიაში უპასუხეს. მერიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეების ბრალდებები უსაფუძვლოა.

ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, რომ ქალაქსა და სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმეს იკვლევენ.

დღის ამბები