20 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
რუსეთის ომი ცივილიზებული, ევროპული წესრიგის წინააღმდეგ - ექსპერტები ევროპარლამენტში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრობენ

ექსპერტები ევროპარლამენტის მხრიდან სამომავლოდ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმაურებიან. მათი თქმით,, მნიშვნელოვანია რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირველი გამოვლინება სწორედ საქართველოში 2008 წელს მოხდა. ქუთელიას თქმით, რეზოლუციაში ხაზი უნდა გაესვას, იმ ფაქტს, რომ ეს ომი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული წესრიგის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„პირველი, რაც ამ რეზოლუციაში უნდა იყოს, ეს არის ფართო კონტექსტი, რომ ეს ომი არ იყო რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ მარტო, ეს იყო რუსეთის ომი ცივილიზებული, დემოკრატიული, ევროპული წესრიგის წინააღმდეგ, უბრალოდ, ეს იყო პირველი ღია სამხედრო ძალისმიერი გამოვლინება რუსეთის ამ დაპირისპირების,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ბათუ ქუთელია სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში ასევე, უნდა განისაზღვროს, როგორ მოხდება რუსეთის აგრესიის შეკავება. ბათუ ქუთელია რუსული აგრესიის შეკავების მექანიზმად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერების გარდა ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ასახელებს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ თუ რუსეთი აგრესორ ქვეყნად დაფიქსირდება, ამით დასრულდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს.

„ამასთან ერთად, კარგი იქნებოდა ძალიან, რომ ჩვენ გვემუშავა იმაზე, რომ რუსეთი აგრესორ ქვეყანად დაგვეფიქსირებინა და ერთხელ და სამუდამოდ, დაგვესრულებინა ჭორები იმაზე, თუ ვინ დაიწყო და ა.შ. იმიტომ, რომ ამის პოლიტიკური ნება, ჩემი აზრით, იყო და ამას ცოტა მეტი მუშაობა სჭირდებოდა,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტს ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე, ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში მოხვდა.

სესიაზე მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ფედერიკა მოგერინი, რის შემდეგ დებატები დაიწყება.

„კურიერის“ ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტში არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია.“

დღის ამბები