20 აგვისტო 2019,   08:18
ვრცლად
სასამართლოდან და შსს-დან უახლოეს დღეებში ველოდებით ხორავას საქმის მასალების გადმოცემას - მამუკა მდინარაძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საქმის მასალებს ელოდება. შესაბამისი უწყებებიდან საქმის კონკრეტული მასალების გადაგზავნის შემდეგ გახდება ცნობილი სხდომის ჩატარების თარიღიც და დღის წესრიგიც, რომელ მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოდან და შსს-დან საქმის მასალების გადმოგზავნას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქმე საკმაოდ მოცულობითი იქნება და საგამოძიებო კომისიას მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მოუწევს.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით, რომ სასამართლოსგან და შსს-სგან ჩვენ ოთხივე საქმის მასალები უნდა მივიღოთ და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულად დავიგეგმოთ და სხდომა ჩავატაროთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე ის პირები წარდგებიან, ვისაც ხორავას ქუჩის საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ.

ორი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მასალების გაცნობის გარეშე გამოკითხვას ვერ ჩაატარებენ.

დღის ამბები