19 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
მირზა სუბელიანი სამართალდამცველებმა 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს - გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, სამართალდამცველებმა 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირდაპირ წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.

ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს ერთ-ერთი მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში მისვლას ედავება. გახარიას უწყების მტკიცებით, მირზა სუბელიანი კალანდიებთან მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთ არასრულწლოვანს შეხვდა.

შს მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს, ბრიფინგზე არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანის კადრები, რომლიც კალანდიების სახლში მისვლას ადასტურებდა, სისხლის სამართლის საქმეში ჯერ კიდევ 7 თვის წინ მისივე უწყებამ მტკიცებულების სახით ჩადო. კადრები რუსთავი2-მა ჯერ კიდევ 19 მაისს გაასაჯაროვა.

ხელახალი გამოძიების ფარგლებში გახარიას უწყებამ ბრალი მოწმეზე ზემოქმედების მუხლით კიდევ ერთ პირს, მერაბ მორჩაძეს, წარუდგინა.

საქმის მასალების მიხედვით, მორჩაძე მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლას მიხეილ კალანდიას აიძულებდა. ბრალდებას თავად მორჩაძე არ ეთანხმება.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის, მირზა სუბელიანის, დაკავებას უკვე რამდენიმე თვეა, მოითხოვს, მოკლული დათო სარალიძის მამა. თუმცა, ზაზა სარალიძე იმ პირების დასჯასაც ითხოვს, ვინც მკვლელობის საქმის ფალსიფიცირება მოახდინა.

მირზა სუბელიანის და მერაბ მორჩაძის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ორივე მათგანს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.

დღის ამბები