20 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე - "კურიერმა" შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა

ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე - კურიერმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა.

სასკოლო ექსკურსიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი მოზარდი. მოსწავლეებით, მშობლებითა და მასწავლებლებით სავსე ავტომობილი გომბორის მონაკვეთზე გზიდან ხევში გადავარდა.

უბედურ შემთხვევას გადარჩენილები ყვებიან, რომ გზიდან გადავარდნის შემდეგ, მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადატრიალდა და დაახლოებით, 50 მეტრის ქვემოთ მდებარე გზატკეცილზე დაეცა.

16 დაშავებული კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კახეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე ორი მიკროავტობუსით მიდიოდნენ. ავარიას გადაურჩნენ მეორე ავტომობილში მყოფი მგზავრები.

დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე კახეთის საავადმყოფოში რჩება. მათ ნაწილი გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

დღის ბოლოს დაშავებული ბავშვების ნაწილი თბილისში იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. თბილისში მკურნალობს გარდაცვლილი არასრულწლოვანის დედაც.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევის ადგილზე ჩასული ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა და მიკროავტობუსის გაუმართაობა გამხდარიყო.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიკროავტობუსი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. იკითხებიან ავარიის თვითმხილველებიც.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები