21 აგვისტო 2019,   05:54
ვრცლად
საქმეში არსებული ჩვენებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთმა მოზარდმა დაჭრა მეორე მოზარდი - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს შაბათის კურიერში ეხმაურება.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა მოზარდების მკვლელობის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ მათ კითხვები გაუჩნდათ და რიგი ხარვეზები გამოვლინდა.

მისი თქმით, კითხვები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

„კითხვები შეეხება მირზა სუბელიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც მასთან არიან შემხებლობაში იმიტომ, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიც არის დაკითხვა, გამოკითხვა, ამოღება მტკიცებულებების, ფარული მიყურადება და ა.შ. არ გვხვდება იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მასთან შემხებლობაში არიან მაშინ, როდესაც სხვა პირებს ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარდათ,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რომ ტანსაცმელი, რომელიც ფარდულში მყოფ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ეკუთვნოდა, ექსპერტიზისთვის არ იყო ამოღებული.

სახალხო დამცველის თქმით, საქმეში ასევე, დევს ჩვენება, რომელშიც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ფარდულიდან გამორბოდა პირი, რომელსაც სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი.

ნინო ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებიდან იკვეთება ვარაუდი, რომ იქ სხვა დანაშაულიც იყო ჩადენილი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი პირის დაჭრა.

„არსებობს ჩვენებები, რომლებიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ კონკრეტულად ერთ-ერთმა მოზარდმა დაჭრა მეორე მოზარდი, თუმცა, ამ მიმართულებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩაკითხვა ან კრიტიკული შეკითხვების დასმა ან ამოცნობა ან უფრო მეტი გარემოებების შესწავლა იმიტომ, რომ ეს, სავარაუდოდ, აჩენს ეჭვს, რომ კიდევ სხვა იარაღი ყოფილიყო დანაშაულის ადგილას,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში ბევრი დამატებითი გარემოება გამოიკვეთებოდა.

სახალხო დამცველის თქმით, ფარდულის დანგრევაც კითხვის ნიშნებს ბადებს და აცხადებს, რომ პროკურატურის ნებართვა არ დევს საქმეში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს.

„ერთი ის, რაც არ გაკეთდა, რომ ამოივსოს ხვრელები, რაც უნდა გაკეთებული, ვქვათ, დამატებით მოწმეების დაკითხვა და ა.შ. და მეორე, რაც არ გაკეთდა, რა იყო მიზეზი, ეს იყო დაუდევრობა, გულგრილობა თუ იყო რაღაც განზრახვა,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

დღის ამბები