19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს  აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორ-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორი აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ სუბელიანმა კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მძიმე დანაშაულის შესახებ შეიტყო, მან ამის შესახებ გამოძიებას არ შეატყობინა. 

„ბრალდებულ მირზა სუბელიანს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში  მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო გ.ჯ. მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციის მიღებისა მის მიერ არ მომხდარა მყისიერად საგამოძიებო ორგანოსათვის ამ ინფორმაციის მიწოდება,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაცვის მხარე მირზა სუბელიანისთვის გირაოს ითხოვს. როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, ბრალდების მხარე ვერ დაასაბუთებს პატიმრობის აუცილებლობას. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით შუამდგომლობას და სასამართლოს შევთავაზებთ გირაოს. საქმის მასალებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, პროკურატურას გაუჭირდება დაასაბუთოს აღკვეთის უმაღლესი ფორმის, პატიმრობის მიზანშეწონილობა,“ - განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა. 

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები