15 ოქტომბერი 2018,   15:53
ვრცლად
საია კულტურის მინისტრის მიერ დაფუძნებულ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს

კულტურის მინისტრის მეგობრების რამდენიმემილიონიანი დავალიანება - მიხეილ გიორგაძის მიერ დაფუძნებული კომპანია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მართავს, მაგრამ კონტრაქტით გათვალისწინებულ იჯარას არ იხდის.

დავალიანება კი უკვე ორ მილიონ ლარს აჭარბებს და ეს თანხა უკვე რვა წელია, გროვდება.

2007 წლიდან თბილისის საკონცერტო დარბაზი 49-წლიან მართვაში შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ აიღო. მას კონტრაქტის მიხედვით წლიურად უნდა გადაეხადა 150 ათას ლარიანი იჯარა, 5 მლნ. დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და დარბაზში ჩაეტარებინა მინიმუმ 5 საერთაშორისო და 100 ადგილობრივი მასშტაბის ღონისძიება.

თუმცა, საია-ს ინფორმაციით, კომპანია ბიუჯეტში არაფერს არ იხდის და მისი დავალიანება 2 მილიონ ლარს აღემატება.

შპს „ინტერნეიშენალ ივენთსი“ მიხეილ გიორგაძემ დააფუძნა და კომპანიის ოფიციალურ მისამართად საკუთარი საცხოვრებელი მისამართი მიუთითა. მინისტრად დანიშვნის შემდეგ კომპანიაში კუთვნილი წილი მის თანადამფუძნებელს გიორგი კერესელიძეს დაუთმო.

გიორგი კერესელიძე გადაცდომების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ამას კონკრეტული ობიექტური მიზეზები აქვს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს და ხელშეკრულების გადახედვას ითხოვდნენ.

ამის ფონზე, კომპანიას ასევე, აქვს "ქართუ ბანკის" მიმართ არსებული ვალდებულებები და კრედიტით გათვალისწინებული თანხები სისტემატურად შეაქვს ბანკში.

საია-ს თქმით, „ინტერნეიშენალ ივენთსს“ სახელმწიფომ 2014 წელს ვალდებულებების ნაწილი აპატია, თუმცა, ქონების მართვის სააგენტომ იჯარის დავალიანების გასტუმრება მოსთხოვა.

ქონების მართვის სააგენტოში არ მალავენ, რომ კომპანიას დარღვევები აქვს და ამბობენ, რომ ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები, ჩამოართვან თუ არა „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ეს დარბაზი.

საია-ში ამბობენ, რომ ახლა უკვე ქონების ეროვნული სააგენტო არღვევს კანონს, რადგან ერთ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს მის მთავარ ფუნქციას, სახელმწიფოს ქონების ეფექტურად განკარგვას, რაც უკვე წლებია, გრძელდება.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები