19 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
როდესაც პარლამენტის წევრს ასე ექცევიან, მგონი, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იქნება დაცული - დიმიტრი შაშკინი

„ხელისუფლებამ აჩვენა თავისი ძალა და ჰგონია, რომ ამით საზოგადოება დაშინდება და მე არ მგონია, რომ ამით ქართული საზოგადოება შეიძლება ასე დააშინო,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელმა, დიმიტრი შაშკინმა პარლამენტის წინ გააკეთა.

დიმიტრი შაშკინი პარლამენტის წინ დაკავებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამით არ დაშინდება და მათი პროტესტი გაგრძელდება.

„ყველამ დაინახა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება მანქანაში ჩატენო, მე ვგულისმობ ნიკა მელიას და წაიყვანო ისე, რომ არავის არაფერი არ უთხრა, არც ბრალდება წაუყენო, არც არაფერი დაუშავებია ამ კაცს. როდესაც პარლამენტის წევრს ასე ექცევიან, მგონი, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იქნება დაცული,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

პარლამენტის წინ სამართალდამცავებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დააკავეს, მათ შორის, პარლამენტარი ნიკა მელია და საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავებს აქვთ დაკავებული. ამ დროისთვის პარლამენტის ეზოშია მობილიზებული შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

პარლამენტის წინ აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული. 

დღის ამბები