19 აგვისტო 2019,   19:24
ვრცლად
"ვიცოდით, რომ ნარკოტიკებს უდებდით... ახლა ორი ძებნილი ჩაუდეთ კარავში ხო?"-ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზე კობახიძეს განმარტებები მოსთხოვა

რუსთაველის გამზირზე კარვების აღებისა და რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ, რომელთა შორის ნიკა მელიაც არის, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ბიუროს სხდომის დანიშვნის მოთხოვნით ენმ-ს წევრებმა მიმართეს. ბიუროს სხდომას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის შეხვედრა გიორგი გახარიასთან. შს მინისტრმა შენობა უკომენტაროდ დატოვა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მან შს მინისტრისგან მიიღო განმარტება, რომ  ნიკა მელია სიტუაციას გაარიდეს, კარვების აღება კი იმიტომ მოხდა, რომ იქ ძებნილები აფარებდნენ თავს.

„ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას.  იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შსს-ს წარმომადგენელთა  მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა საჭირო იყო პარლამენტის წევრი განრიდება ამ ადგილიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ირაკლი კობახიძეს განმარტებები მოსთხოვა სასამართლოს სასადილოში მომხდარ  ინციდენტთან დაკავშირებითაც, რა დროსაც სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ინვენტარი დაამტვრიეს.

ოპოზიცია  შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის წინ მომხდარის გამო პარლამენტში იბარებს და გიორგი გახარიასგან განმარტებებს მოითხოვს.

„გაიტაცეს დეპუტატი და თქვენ ამბობთ რომ ეს განრიდება შეიძლება იყოს 24 საათის განმავლობაში? ვინ დაადგინა განრიდების დროის საზომი? რატომ იყო თქვენთან შს მინისტრი?-იმიტომ რომ ამ სიტუაციიდან გამომძვრალიყავით,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა შორის იმყოფებოდნენ ძებნილი პირებიც. რაზეც რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ამჯერად სამართალდამცავებმა ნარკოტიკების ნაცვლად, აქციის მონაწილეებს ძებნილები ჩაუდეს.

„ჩვენ ვიცოდით, რომ თქვენ ნარკოტიკებს უდებდით. ახლა ორი ძებნილი ჩაუდეთ კარავში ხო?! ე.ი. თქვენ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკიდან გადახვედით ძებნილების ჩადების პრაქტიკაზე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 

 

დღის ამბები