26 ივნისი 2019,   09:03
ვრცლად
მერაბ მორჩაძის საქმე - მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მერაბ მორჩაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მერაბ მორჩაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 372 მუხლითაა გათვალისწინებული, რაც მოწმის მოსყიდვას გულისხმობს.

მოწმე, ვისზე ზემოქმედებასაც მერაბ მორჩაძეს ედავებიან, მიხეილ კალანდიაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის თვითმხილველი და პროკურატურის ოქროს მოწმე.

პროკურატურის ვერსიით მორჩაძე, რომელიც კალანდიების ნათესავია, მოზარდს გამოძიებაში მიცემული ჩვენების შეცვლას საქმეზე ერთერთი ბრალდებულის სასარგებლოდ სთხოვდა.

საბრალდებო დასკვნაში მითითებულ გარემოებებს მერაბ მორჩაძე არ ეთანხმება. მორჩაძე კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ კალანდიასთვის ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ რაიმე თანხის გადაცემას ან დაპირებას. მისი მტკიცებით, მან მიხეილ კალანდიას მხოლოდ რჩევა მისცა.

მერაბ მორჩაძემ დღესვე განაცხადა, რომ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების საქმეზე ის პირველად ორი თვის წინ დაკითხეს. მორჩაძე ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ მას კალანდიებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია.

მერაბ მორჩაძის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში სადაო 100 ლარია, რომელიც მორჩაძემ კალანდიების ოჯახში დატოვა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალაც აქვთ.

მერაბ მორჩაძის ადვოკატი დღევანდელ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქმეზე არსებითი განხილვა კი 30 ივლისიდან დაიწყება.

დღის ამბები