19 ივნისი 2018,   12:23
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ - ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ - ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს.

პლენარულ სხდომაზე სპეციალური განცხადება ევროკომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ, გააკეთა. მისი თქმით, 2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე მუშაობს.  

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მილიტარიზაციას აგრძელებს. მისი თქმით, ამ საკითხებთან მიმართებით ის საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ ურთიერთობს.

რეზოლუციის პროექტში 20 პუნქტია და კენჭისყრამდე, სავარაუდოდ, მასში ცვლილებები არ შევა. რეზოლუციის პროექტში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტო ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება უნდა შეასრულოს და ყველა შეიარაღებული ფორმირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გამოიყვანოს.

დოკუმენტში ცალკე თავი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეს და სანქციების დაწესების საკითხს ეთმობა.

„რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უჭერს მხარს. აქ ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილის საქმე. ასევე, ნახსენებია ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეები. მათ მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეის მამიკინსმა.

ევროპარლამენტარების თქმით, რეზოლუციასთან დაკავშირებით რუსეთი საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს.

„რუსეთი აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ პირადად ჩემთვის სტიმულია ის პოლიტიკური ენა, რომელიც რეზოლუციის ტექსტშია გამოყენებული. ჩამოყალიბებულია ევროპარლამენტის მტკიცე პოზიცია, რომ როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ნიშნავს იმას, რომ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაცია კი რუსეთმა განახორციელა იქ მცხოვრები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. გვინდა, რომ იგივე პოლიტიკური ენა ევროკავშირის მასშტაბით იყოს გამოყენებული,“ - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი, საჯიდ კარიმი.

სტრასბურგში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე კენჭისყრა 14 ივნისს გაიმართება.

დღის ამბები