17 ოქტომბერი 2018,   06:16
ვრცლად
"ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე ანგრევს ამ ხელისუფლებას" - თამარ კორძაია

„ივანიშვილი გადავა ისევ მაფიოზურ მეთოდებზე და თითო-თითოდ დაიბარებს და თითო-თითოდ გაურკვევს ყველას ყველაფერს, ეს გარდაუვალია,“ - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.

თამარ კორძაია მმართველი გუნდის წევრების დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებები უარყვეს.

თამარ კორძაიას თქმით, ივანიშვილი შს მინისტრ გიორგი გახარიას არ გადააყენებს.

„გახარია არის მისი პირადი მინისტრი და ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვინც არ უნდა დაინიშნო ბიძინა ივანიშვილის პირობებში, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი ნების აღმსრულებელი. უბრალოდ, შეიძლება, შეარჩიოს უფრო ეფექტიანად შემსრულებელი პრემიერმინისტრი,“ - განაცხადა კორძაიამ.

ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საზოგადოებას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, საქმე. კორძაიას თქმით, სწორედ მირზა სუბელიანს აქვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები.

„ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე ანგრევს ამ ხელისუფლებას და შეიძლება, სწორედ ამიტომ მოხდა იქ ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ ვიღაც შეიძლება, გაიყოლოს ამ საქმემ და ამ თემას არ უნდა მოვეშვათ,“ - განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ეხმაურება. ის არჩილ თალაკვაძეს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის დროს შს მინისტრის მოადგილე იყო.

"თუ არჩილ თალაკვაძეა ამ კომისიის წევრი, რომელიც პრინციპში კომისიამ უნდა დაკითხოს იმიტომ, რომ მაშინ იყო მინისტრი მოადგილე და სოციალურ სამსახურს ხელმძვანელობდა და კურირებდა. ზუსტად უნდა სცოდნოდა, ვინ, როდის გაჰყავთ ციხიდან. მაშინ როგორ უნდა ვენდოთ ამას, ხომ არის ალოგიკური ის, რომ დღეს კომისიის წევრია არჩილ თალაკვაძე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ძირითადი საკითხები არ დაგვავიწყდეს, სხვანაირად ჩვენ ვერ მივიყვანთ ბოლომდე "ხორავას ქუჩის" საქმის გამოძიებას," - განაცხადა კორძაიამ.

 

დღის ამბები