მარნეულში მომხდარ ფაქტსა და სკანდალურ ვიდეოზე განმარტებები პარლამენტში განმარტებები კეთდება. ოპოზიცია გავრცელებულ კადრებს საგანგაშოს უწოდებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირება საკმარისი არ არის.
„დღევანდელ ხელისუფლებას ისე ეშინია საკუთარი ხალხის, რომ გადასულია პირდაპირ ძალადობაზე ყველაზე ვინც აფიქსირებს ხელისუფლებს საწინააღმდეგო აზრს, ღიად და აშკარად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანი თუნდაც მიუღებელი ფორმით გამოხატავს საკუთარ შესაძლებლობას და ამის სანაცვლოდ ხელისუფლების ოფიციალური პირები მას უსწორდებიან წარმოუდგენელი სისასტიკით. ხელისუფლების რეაგირება არ არის საკმარისი,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მარნეულში მომხდარი ფაქტი ერთი კონკრეტული ინციდენტი კი არ არის, არამედ სისტემური პრობლემის გამოვლინებაა.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი ვიდეოკადრები „სტუდია მონიტორის“ გამოძიებული, სადაც ხდება პოლიტიკური, თუნდაც ექსტრემალური ფორმით პოლიტიკური კრიტიკის გამო, ადამიანის ღირსების შელახვა საშინელი ფორმით. ეს არ არის ცალკე აღებული ინციდენტი, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება სისტემური პრობლემის ამ ხელისუფლების, იმ სიძულვილის კლიმატის და პოლიტიკური ძალადობის გამოვლინება, რომელიც წლების განმავლობაში დანერგა „ქართლმა ოცნებამ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის მარნეულის მერიც, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამკვიდრდა სტანდარტი, რომ არ ვარჩევთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილებით. რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა რეაგირება ძალიან ოპერატიულად, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს სახიფათოდ ან ვინმესთვის ხელის დაფარვის მცდელობად, როდესაც რამდენიმე საათში შედეგი დადგა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
სტუდია "მონიტორის" მიერ გავრცელებული ინფომრაციით, მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე დღეში კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული სახეზე სავარუდოდ, შარდის წასმით გამოხატა.