26 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას დეპუტატები აფასებენ

„ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მინისტრები ესწრებოდნენ, დეპუტატები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი დღეს ამბობს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ UNICEF-ის კვლევაზე არ უმსჯელიათ. მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებების დროა.  

„მე არ ვიტყოდი, რომ UNICEF-ის კვლევაზე ვიმსჯელეთ. სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, მაგრამ ეს მსჯელობა მიმდინარეობდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ლეგიტიმურად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კვლევა, მონაცემი უნდა იყოს გაანალიზებული და ცუდია ის თუ ადრე არ იყო ასეთი მსჯელობები, ასეთი მსჯელობა უნდა იყოს არა მხოლოდ ამ კვლევაზე, არამედ ყველა კვლევაზე, რომელიც არსებობს. რაც შეეხება, სამთავრობო ცვლილებებს, ლაპარაკი იმაზე იყო, რომ ეს მონაცემები, ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, ყველა შემთხვევაში მოითხოვს პოლიტიკის ცვლილებას,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„მთელს ქვეყანას გააგებინეს, როდესაც თავიანთი სტატისტიკით, შელამაზებული სტატისტიკით ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში არის წინსვლა, გუშინდელმა ყრილობამ ყველას აჩვენა სწორი სურათი, საქართველო გაღარიბდა. რაც შეეხება, სამთავრობო კულუარულ ბრძოლას, რომელიც არის ძალიან დრამატული და რომელიც გაგრძელდება და ალბათ, სულ მალე ვიხილავთ მეორე სერიას, ეს არის შიდა ქრონიკული კრიზისი, რომელიც ჯერაც არ არის გადაჭრილი და აჩვენებს „ქართული ოცნების“ ერთ დროს მონოლითური კოლექტივის რღვევას და ამ პროცესს დავინახავთ. რღვევის მთავარი მიზეზი არის 6-წლიანი წარუმატებლობა, სიღარიბე, ძალადობა, უსამართლობა, რომელმაც ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოიყვანა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზის გუშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც ადასტურებს.

„ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და იმაზე უფრო სერიოზულია კრიზისია, ვიდრე გარედან ჩანს და გუშინდელმა დღემ ეს დაადასტურა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ხელისუფლების მაღალ შტოებში ხვდებიან, რომ მინისტრთა კაბინეტს ვეღარ შეინარჩუნებენ და მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ. ეს ნიშნავს, რომ არის ძალიან მძიმე კრიზისი და გარკვეულწილად ვერ ფლობენ სიტუაციას ხელისუფლებაშიც კი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

 

 

 

 

დღის ამბები