19 დეკემბერი 2018,   08:35
ვრცლად
ელჩინ ალახვერდიევის საქმესა და მარნეულის მერის დაკავებაზე მარნეულის მერიასა და საკრებულოში არ საუბრობენ

მარნეულის მკვიდრის ელჩინ ალახვერდიევზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე და მარნეულის მერის დაკავების შესახებ კომენტარები არ კეთდება არც მარნეულის მერიაში და არც საკრებულოს უმრავლესობაში.

აბაზოვის მოადგილე, რომელიც ახლა მერის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაფერი იცის. ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ აბაზოვს გუშინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა. 

​„ვერანაირ შეფასებას ვერ მოგცემთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ. როდესაც გავეცნობი მთლიანად ვიდეომასალას ოფიციალურ განცხადებას და ა.შ. მერე გავაკეთებ შეფასებას“-აცხადებს მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე.

როგორც ცნობილია, ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის მიმართაც დაიწყო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, არც  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” მდივანი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი. გაჯიევი ამბობს, რომ მას მომხდართან დაკავშირებით შეფასების გაკეთება არ შეუძლია.

„რა თქმა უნდა, არ არის კარგი საქმე. არაფერი ინფორმაცია არ მაქვს... სპეციალისტი არ ვარ, პროკურატურის საქმეა,“-აცხადებს გაჯიევი.

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე აკმამედ იმამყულიევი კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებიც მონაწილეობდნენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენ ვიცით, რომ იქ იყვნენ "ქართული ოცნების" წევრები შესაძლოა, იყვნენ "ქართული ოცნების" წევრები საკრებულოდან და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბატონი თემურ აბაზოვიც იქ იყო, დანამდვილებით ვერ გეუბნებით ამას,“-აცხადებს აკმამედ იმამყულიევი.

დღის ამბები