23 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერ, 20-პუნქტიან, რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს ხვალ უყრის

ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას უყრის კენჭს. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით მომზადდა.

რეზოლუცია 20 პუნქტს მოიცავს და ცალკე თავი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმესა და სანქციების დაწესების საკითხს ეთმობა.

“პირადად მე მხარს ვუჭერ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას. მაგრამ ჩემთვის იგივე არ არის რა ფორმით სურს საქართველოს ამის გაკეთება. პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება აუცილებელია. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე.

ეს თემა გუშინდელ ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რადგან მინდოდა შემეხსენებინა მოქმედი ქართველი პოლიტიკოსებისთვის რა უნდა გაკეთდეს. თვალს ასეთ საკითხებზე არ დავხუჭავთ. დასავლეთთან მიერთება თუ გსურთ, სხვანაირი უნდა გახდეთ,”-განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსი.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი გუნნარ ჰოკმარკი რუსეთს მოუწოდებს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. დეპუტატის თქმით, რეზოლუციაში შეტანილია სანქციების საკითხიც და მკაფიოდ უნდა იყოს მოყვანილი როგორ უნდა განხორციელდეს.

„ორი მთავარი გზავნილი გვაქვს: პირველი- საქართველო ევროპული კულტურისა და პოლიტიკური ტრადიციების ნაწილია. გვინდა რომ უფრო მეტად დაგვიახლოვდეს თქვენი ქვეყანა. მეორე გზავნილი რუსეთს ეკუთვნის. რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს მისი რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.

რეზოლუციაში შეტანილია სანქციების საკითხიც და მკაფიოდ უნდა იყოს მოყვანილი როგორ უნდა განხორციელდეს. ვიცით რა მოხდა. გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სჩადიან დანაშაულს. ამიტომ სანქციები საჭიროა. სხვაგვარად კანონის უზენაესობას ვერ დავიცავთ,”-განაცხადა გუნნარ ჰოკმარკმა.

დღის ამბები