24 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
"ქვეყანაში არის კრიზისი, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები"-გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი კი არ გადადგა არამედ ივანიშვილმა გაუშვა.  გიგი უგულავა ამბობს, რომ პრობლემა ამ ქვეყნის არა კვირიკაშვილი არამედ ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისგან უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა.

„კვირიკაშვილი გადადგა იმიტომ, რომ ასე მოისურვა ივანიშვილმა. ისევე ,როგორც ღარიბაშვილი გადადგა ისე, რომ ვერც დაემშვიდობა ნორმალურად საზოგადოებას და წინასაახალწლოდ მისი ხელიღა დაგვრჩა, მტევანი რეკლამაში. პრობლემა არ არის  არც ღარიბაშვილში, არც კვირიკაშვილში და არც შემდეგ პრემიერში  ვისაც ივანიშვილი მოიყვანს. პრობლემა არის ივანიშვილში,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ეს არის ივანიშვილის სტილი, მას ჰყავს ფავორიტები, ჯერ რამდენიმე წელი აიყვანს ჰაერში და შემდეგ დაანარცხებს მიწაზე.

გიგი უგულავას თქმით, პრემიერ -მინისტრი ასეთი ფორმით არ უნდა იცვლებოდეს და კვირიკაშვილის ამ ფორმით გადაყენებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას ჰყავს მარიონეტულ მთავრობა.

„მობეზრდა გაუშვა, თუ გაუძალიანდა შეიძლება დაიჭიროს. აი ეს პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემა არ მოგვარდება სანამ მართველობის ეს ფორმა არ შეიცვლება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, მოსალოდნელ კანდიდატებთან დაკავშირებით ის არ ისაუბრებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას.

"ქვეყანაში არის კრიზისი, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები