19 აგვისტო 2018,   11:47
ვრცლად
3 წელი 13 ივნისის სტიქიიდან - დაზარალებული 14 ოჯახი კვლავ დახმარების მოლოდინშია

13 ივნისის სტიქიიდან 3 წლის შემდეგ დაზარალებული 14 ოჯახი ისევ დახმარების მოლოდინშია. კახა კალაძის მერობის პირობებშიც ვერ მოხდა იმ ოჯახების სრულად უზრუნველყოფა, რომლებიც უკვე წლებია, საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილები.

დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა კომპენსაციის დადგენილი წესის შეცვლაა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მთავრობისგან ზარალის ადეკვატური დახმარება მიიღონ.

მათი ქირით უზრუნველყოფაზე ამ დრომდე მილიონნახევარი ლარია დახარჯული, თუმცა არ არის ცნობილი, რა ბედი ელით ამ ოჯახებს და რა სახით აუნაზღაურდებათ ზარალი.

დაზარალებულების გარდა, მთავრობის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილებების შესახებ საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“. იურისტებმა საკითხი დეტალურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მერიამ ზარალის ანაზღაურებისთვის 91 მილიონი არამიზნობრივად დახარჯა.

უკმაყოფილო დაზარალებულებს სასამართლოში სარჩელის შეტანაც კი მოუწიათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, მიდგომა შეცვალოს და ყველა მათგანს კომპენსაცია გადაუხადოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ოჯახები ჯერ სტიქიის, შემდეგ კი ბიუროკრატიის მსხვერპლები გახდნენ. ოპონენტები მერს მოუწოდებენ, შეცვალოს მისი წინამორბედის დროს მიღებული კომპენსაციის გაცემის წესი და ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდეს.

გარდა ამისა, ვერეს ხეობაში, იქ სადაც სტიქიის ყველაზე დიდი საშიშროებაა, სპეციალისტებმა უკვე დიდი ხანია, დაადგინეს, რომ ნებისმიერი მშენებლობა სავალალო შედეგის მომტანი იქნება. მიუხედავად ამისა, 2017 წელს ვერეს ხეობაში მერიამ მრავალფუნქციური შენობისა და სასტუმროს მშენებლობებზე ნებართვა გასცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები