ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დასაწყებად საჭიროა, ფუნდამენტური ცვლილებები - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წევრები გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას. ისინი ამ პოსტზე მამუკა ბახტაძის შესაძლო წარდგენასაც აფასებენ და ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის უკვე მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ბახტაძე რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
"უბედურება ოცნების" ისაა, რომ ვსაუბრობთ ბახტაძეზე , იმაზე, ამაზე, მაგრამ არაფერს არ ამბობს ოცნება დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაზე. ეს მე კიდევ უფრო მეტად მიმტკიცებს იმ ფიქრს, რომ არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, ვინც არ უნდა აირჩიოს ოცნებამ პრემიერად, ქართული ოცნება არის განწირული, "-აცხადებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, არმაზ ახვლედიანი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ მელიქიშვილი კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებას აბუჩად იგდებს.
"როდესაც ფინანსთა მინისტრის კანდიდატურაზეა საუბარი პრემიერ-მინისტრობაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მენეჯერი იყო რკინიგზაში, მსგავსი ფასადური მიდგომა მთლიანად ჩამოშლის აღნიშნულ სისტემას," - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.
მამუკა ბახტაძის კანდიდატურას აკრიტიკებენ "ევროპულ საქართველოშიც" და აცხადებენ, რომ რკინიგზაშიც და ფინანსთა მინისტრის პოსტზეც, აღნიშნული უწყებების საქმიანობა გაუარესებული იყო.
"ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა ფიგურებს,"-აცხადებს სერგო რატიანი.