პრემიერი კვირიკაშვილისა და შესაბამისად მთავრობის გადადგომის შემდეგ დეპუტატები მინისტრების შემცვლელებზე საუბრობენ. ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ვერც ერთი მოქმედი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რესურსი დიდი ხანია, ამოწურა.
„ქართულ ოცნებას“ ამოწურული აქვს რესურსი, მათ შორის ადამიანური რესუსი ამ ქვეყნის სამართავად. ბახტაძის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად იქნება მხოლოდ ამის ნიშანი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო უკიდურესად წარუმატებელი და ფაქტობრივად, გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია, რომელიც ის ხელმძღვანელობდა, რკინიგზას ვგულისხმობ. ეს არის ადამიანი, რომლის სახელი დაკავშირებულია მხოლოდ წარუმატებლობასთან და თუ რაღაცა პირადი მოტივაციით დანიშნავს მას ამ ქვეყნის რეალური მმართველი, ბატონი ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება ბოლო წერტილი, რომლიდანაც დაიწყება საბოლოოდ ჩამოშლა ამ ქვეყანაში ივანიშვილის ძალაუფლების,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის აზრით, ქვეყნის განვითრებისთვის საჭიროა მთავრობის გუნდის მთლიანად შეცვლა და ახალი ხედვის დამკვიდრება.
„დღეის მდგომარეობით, ვერცერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ, ვინაიდან დღეს საქართველოში არ არის წარმატებული სფერო, რომელსაც არ სჭირდება ცვლილება და მეტი წინსვლა. საუბარია ცალკეულ გვარებზე, შემიძლია სრულად გავიზიარო საზოგადოების მოთხოვნა, გავიზიარო არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, ზაზა სარალიძის მოთხოვნა. ესენი არიან კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში გამოსავალი არის გუნდის შეცვლაში, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლაში და საქართველოში ახალი განვითრების მოტანაში,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.