25 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
„ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაწიროს მარიონეტები და თავი გადაირჩინოს" - არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის გადადგომას აფასებს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და შესაბამისად, მთავრობის გადადგომას არასაპარლამენტო ოპოზიციაში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ოპოზიციის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მინისტრი შეინარჩუნებს პოსტს მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რადგან გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაწიროს მარიონეტები და ამით თავი გადაირჩინოს, რაც ვერ გადაარჩენს, ვერ განმუხტავს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი უნდა დავამარცხოთ და ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა და საზოგადოების წინააღმდეგობა. ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება ხელისუფლებაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გაგრძელდება დანაშაულებრივი პოლიტიკა, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოების მოვალეობაა, დავამარცხოთ რეჟიმი და ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა. ჩამოშლა დაწყებულია,“- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი არ იყოს.

„არაფორმალური მმართველობის პირობებში ვინ იქნება პრემიერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მართავს მხოლოდ არაფორმალური მმართველი. სხვა დანარჩენი არიან ჩვეულებრივი მარიონეტები. წულუკიანიც მარიონეტია, მაგრამ ის, რომ ქალბატონი წულუკიანი ძალიან ცინიკურად გამოირჩეოდა, ტალღებს და ცუნამებს გვიანონსებდა და ამის შედეგად უფრო და უფრო ჭაობში იძირებოდა სასამართლო, აქედან გამომდინარე, არასამთავრობოების, საზოგადოების და ჩვენი შეშფოთება არავის უნდა გაუკვირდეს,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილი მმართველობის პერიოდში ყველა მინისტრი მარიონეტია.

„კვირიკაშვილი, ისევე როგორც გენერალური პროკურორი ბარტყად გადმოაგდო ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოებაში არსებობს უსამართლობის განცდა, მას სურს მისთვის უინტერესო კვირიკაშვილის გადმოგდებით, თავისი ოლიგარქიული მოყანყალებული სისტემა შეინარჩუნოს,“- განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ზეწოლამ განაპირობა ის, რომ პრემიერმა თანამდებობა დატოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები