24 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
ევროკავშირის რეზოლუცია - დოკუმენტის შინაარსს მმართველი გუნდი და ოპოზიცია მხარს უჭერს

ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოში ეხმაურებიან. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საგულისხმოა ის რომ ევროკავშირი ამ დოკუმენტით დაეთანხმა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას.

„მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მოამზადა ჩვენმა აპარატმა. ეს არის ჩვენი ხმამაღალ განაცხადი იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო კურსი არის ურყევი და გაორმაგებული ყურადღებით ვეცდებით რომ მივაღწიოთ  დღეს მავთულხლართებით დაშორიშორებული მოსახლეობის ნდობის მშენებლობას, შერიგებას,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რეზოლუციას დადებითად აფასებენ ოპოზიციაშიც. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით დოკუმენტში გამეორებულია ყველა ის ძირითადი მოწოდება, რომელიც 2011 წელს იქნა დაფიქსირებული.  

„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციაში განმეორებული იქნა ყველა ძირითადი მოწოდება რომელიც გაჟღერდა  ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში  მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტის. სადაც პირველად დაფიქსირდა, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეზოლუცია მოსწონთ „ევროპულ საქართველოშიც". დავით ბაქრაძის განცხადებით, დოკუმენტი იძლევა უფრო მეტ სამოქმედო სივრცეს.

"ეს არ არის ერთჯერადი დოკუმენტი და ტოვებს ძალიან დიდ სამოქმედო სივრცეს სამომავლოდ. მაგალითად  ის ფაქტი, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ანუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სანქციები შეტანილია ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხსნის სამომავლოდ ძალიან დიდ სამუშაო სივრცეს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ”-ამ სახელწოდებით რეზოლუცია ევროპარლამენტმა დღეს მიიღო.

დოკუმენტი 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებს და სანქციების დაწესების საკითხს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. 

დღის ამბები