25 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
კვირიკაშვილს ბახტაძე ცვლის - ოპოზიცია ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

პრემიერი კვირიკაშვილის გადადგომას და პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, სამთავრობო გადაადგილებით პოლიტიკური რეალობა არ იცვლება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ არაფორმალურ მმართველად ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება, შესაბამისად, სახელებისა და გვარების განახლება ვითარებას ვერ განმუხტავს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძე ყოფილ პრემიერზე გაცილებით უარესი კადრია, რადგან მას არც პოლიტიკური წარსული და გამოცდილება აქვს და არც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იცნობს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ცალკეული პერსონების ცვლილება სიტუაციას ვერ განმუხტავს. პოლიტიკური ძალები ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნასაც უერთდება და იუსტიციის მინისტრის - თეა წულიკიანის გადადგომას აუცილებელ პირობად ასახელებს.  

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია იმდენ მანდატსაც ვეღარ მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიც დღეს აქვს.    

ოპოზიციისთვის პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტი გაუგებარია. პოლიტიკური ძალები ამბობენ, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩვენების პირობებში პარლამენტში სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სურათი იქნებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები