18 ივნისი 2018,   19:36
ვრცლად
პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - მარგველაშვილის განცხადებებს მმართველ გუნდში მწვავე კრიტიკით უპასუხეს 

პრემიერის გადადგომიდან 12 საათში მარგველაშვილმა ბათუმის კონფერენციაზე დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა, სადაც საგარეო საფრთხეებზე უნდა ესაუბრა ძირითადად საკადრო ცვლილებებს დაუთმო.

ქვეყნის პირველმა პირმა სამთავრობო ცვლილებებს მასკარადი უწოდა, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოულოდნელი გადაყენებები და დანიშვნები ქვეყანას აზიანებს.

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს რომ არაფორმალური მმართველობაზე კითხვის ნიშნების მოხსნისთვის პასუხიმგებლობა თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს და პრემიერის პოსტი თავად დაიკავოს.

პრეზიდენტის განცხადებებს მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მეთაურის განცხადებას არასერიოზული უწოდა. თეა წულუკიანმა კი გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუცია და ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელი შეახსენა.

უფრო რადიკალურები იყვნენ თავის შეფასებებში უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც დღეს ქართული ოცნების ოფისში საგანგებო სხდომაზე მივიდნენ. გიორგი მარგველაშვილს მათ ნიღბის მოხსნა ურჩიეს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო და მსგავს განცხადებებით პოლიტიკურ ქულებს იწერს.

არც გიორგი მარგველაშვილს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას უმრავლესობის ამ შეფასებებისთვის პასუხი არ გაუცია. ასევე არ არის ცნობილი, რა პოზიცია აქვს პრეზიდენტის გზავნილებზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

დღის ამბები